გაუსაძლისი პირობები დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ ბარისახოს სკოლა-პანსიონში. სოფლებში მცხოვრები მოზარდების ოჯახები, საჯარო სკოლების უქონლობის გამო იძულებულები არიან ბავშვები განათლების მისაღებად შორს გააგზავნონ.
დიდთოვლობის გამო ზამთარში გზა ხშირად იკეტება და ბავშვებს რამდენიმე კვირა პანსიონში დარჩენა უწევთ. პანსიონებში მათი განთავსება საშუალო განათლების მიღების ერთადერთი გზაა.
ბარისახოს მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრში სულ 15 ბავშვი ცხოვრობს. მოზარდებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ჰიგიენის ნორმები არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. ბავშვები უკმაყოფილებას საკვებზეც გამოთქვამენ. თითო ბავშვზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოთხჯერადი კვებისთვის დღიურად 2 ლარი და 80 თეთრი აქვს გამოყოფილი. მოზარდების ნაწილი ფიქრობს, რომ საკვები საკმარისი არაა.
მძიმე პირობებია მაღაროსკარის პანსიონშიც, სადაც 10 ბავშვი ცხოვრობს. მათთვისაც კვებისთვის დღიურად 2 ლარი და 80 თეთრია გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობის ნომერ 66-ე დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, უცნობია ბარისახოსა მცხოვრები 15 ბავშვიდან, რომელ 10-ს დატოვებენ პანსიონში.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.