დედა ბარბარეს ბავშვთა სახლში 24 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, მათ შორის არიან ჩვილები. ეს არალიცენზირებული ბავშვთა სახლი უკვე 11 წელს ითვლის, ბავშვების რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს. ისინი იქ სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან. პირველი ბავშვი იქ 10 წლის წინ უცნობმა მოხუცმა ქალმა მოიყვანა.
დროთა განმავლობაში ბავშვთა რიცხვი იზრდებოდა, 2013 წელს მას 7 ბავშვი ჰყავდა, 2015 წელს 10, დღეს კი 24 ჰყავს.
თავშესაფარს მთლიანად მონაზვნები და ბერები მართავენ - მათ არ აქვთ ლიცენზია სახელმწიფოსგან, მათ საქმიანობაში არ ერევა არც საპატრიარქო. არალეგალურ ბავშვთა სახლში კი უკვე რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი ცხოვრობს, რომლებიც აღრიცხულნი არ არიან, შესაბამისად ოფიციალურად, ისინი არ არსებობენ.
როგორც დედაო ამბობს, მცირეწლოვნებმა იციან რომ მათ ორი დედა ჰყავთ ბიოლოგიური და დედა ბარბარე. ბავშვებს სახელებს დედაო ურჩევს, ყველას ბიბლიური სახელი ჰქვია, რელიგიურად ზრდის, ყოველ მეორე დღეს აზიარებს და სურვილისამებრ ამარხულებს.
უცნობია როგორია მოზარდების ერთი ჩვეულებრივი დღე. რას ჭამენ, სად სძინავთ, არავინ აკონტროლებს, როგორ ზრუნავენ იქ მცირეწლოვნებზე და რამდენად დაცულია მათი უფლებები.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.