საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს ეხმაურება. ოხანაშვილი აცხადებს, რომ წასვლის მიზეზი მისი განცხადება არ ყოფილა.
პოსტსკრიპტუმთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ დღემდე არ იცის რა არის მამა მიქაელის მიერ მდივნის პოსტს დატოვები მიზეზი. ოხანაშვილის თქმით მას ხშირად სმენია, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს თანამდებობდან წასვლის სურვილი ჰქონდა.
„მას უნდოდა წასვლა და უბრალოდ ესეც იყო დამატებითი," - ამბობს ოხანაშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ მამა მიქაელმა, მთავარ მიზეზად, რატომღაც, პატრიარქის დაცვის უფროსის განცხადება მოიყვანა.
ოხანაშვილის თქმით, ის მამა მიქაელ ბოტკოველს მაინც პატივს სცემს, მიუხედავად იმისა, რომ მამაომ მას „ნაძირალა" უწოდა.
„ახლაც აგრძელებს ჩემს ლანძღვას, ეს მისი პრობლემაა. მე უბრალოდ მასზე ცუდს ვერ ვიტყვი,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის ყოფილ მდივანსა და პირადი დაცვის ყოფილ უფროსს შორის უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეკითხვაზე მოხდა თუ არა რეალურად მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება, სოსო ოხანაშვილს ეცინება და ამ ფაქტს უარყოფს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე მრავალი წელია ვმუშაობდი ამ სამსახურის ხელმძღვანელად და ბევრი ცუდი რაღაცა მინახავს სასულიერო პირებში. მინახავს, გამიგია ფაქტებიც მინახავს... არასოდეს არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ფიზიკურად გავსწორებოდი სასულიერო პირს. ეს ჩემი სტილი არ არის და ღმერთმა დამიფაროს ამისგან რომ სასულიერო პირს თავს დავესხა და ხელით შევეხო,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ავტორი: ნოდარ მელაძე.