საქართველოს სახალხო დამცველი, ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა იარაღი ამოიღეს.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მან მედიის მეშვეობით შეიტყო და დამატებით დეტალებს განხორციელებულ ჩხეკაზე, მათ შორის, არც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არ ფლობს.
„ჩვენ გუშინ მედიიდან შევიტყეთ ჩხრეკასთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია, არც ოფიციალური მათ შორის, შესაბამისი უწყებებისგან," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზზეც საუბრობს და ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ მამა გიორგი მამალაძის სურვილის მიუხედავად, ბრალდებულის დაკითხვის პროცესი გაჭიანურდა.
"რაც შეეხება დეკანოზის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობა სტაბილურია, ის მზად არის დაკითხვისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი აღარ გაიწელება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში ძალიან ბევრ კითხვას, ამ საქმესთან დაკავშირებით გაეცემა პასუხი. ის რამდენიმე დღეა უკვე აცხადებს, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა იქნას გამოკვლეული, რამდენად მიზანშეწონილი იყო პატრიარქისთვის ოპერაციის წინა პერიოდში საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.