05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
„თუ პატრიარქის ფაქსიმილია და ბეჭედი იქნებოდა დაკარგული, ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი" - ედიშერ ქარჩავა

საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, უწყება პროკურატურიდან ამ დრომდე არ ჩაბარებია. საპატრიარქოს იურისტის ვარაუდობს, რომ თეთრუაშვილის დაკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც გამოძიებას ჩვენებებს მამა გიორგი მისცემს.

ედიშერ ქარჩავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შორენა თეთრუაშვილი საგამოძიებო ორგანოს კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის.

„უწყება არ მოსულა, ალბათ სავარაუდოდ, ჩემი პოზიციაა, რომ  ბრალდებულის დაკითხვის შემდგომ გაჩნდება მთელი რიგი შეკითხვები, რაზეც ალბათ ამომწურავ პასუხს გავცემთ ერთიანად. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე, გარემოებაზე გასცეს ამომწურავი ის პასუხი, რომელიც საზოგადოებასაც დააკმაყოფილებს და მისაღები იქნება პროკურატურისთვის,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავა იმ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოდან, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილია დაიკარგა.

ქარჩავა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ის ვერანაირი სამართლებრივი ღონისძიების განხორციელებას ვერ შეძლებდა.

„თუ პატრიარქის ფაქსიმილია და ბეჭედი იქნებოდა დაკარგული, მე როგორც იურისტი ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი. თუმცა, ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც დაკავშირებულია იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან ვახორციელებთ ჩვეულებრივად,“ - აცხადებს ქარჩავა.

საპატრიარქოს იურისტი არ ადასტურებს არც საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩხრეკას რაც შეეხება, აღნიშნულის შესახებ მე ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ესეც აბსურდულად მიმაჩნია. ვინაიდან თუ აქ საუბარია დაცვის თანამშრომლებზე, მათ აქვთ კანონით დადგენილი წესით განპირობებული იარაღები, რომელსაც არ სჭირდება არანაირი ჩხრეკის ჩატარება,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მედიასთან კომენტარს არ აკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

საპატრიარქოში ჩხრეკის ჩატარებას არ ადასტურებს არც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

„ეს ინფორმაცია ეხებოდა საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკას, რაც სრული აბსურდია. არანაირი მსგავსი სამართლებრივი მოქმედება საქართველოს საპატრიარქოში არ ჩატარებულა. მე მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროსთან, ბატონ ზურაბ ბუჩუკურთან, ასევე დაცვის სხვა წევრებთან და არც ერთმა მათგანმა ეს მოვლენა არ დაადასტურა,“ - განაცხადა დავით შარაშენიძემ.  

საპატრიარქოს ანდრია პირვეწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები