დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირის სახელი და გვარი დაასახელა - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გააკეთა. ფანცულაია არ აკონკრეტებს ვისზე იყო საუბარი.
მისი თქმით დაკითხვის პროცესში ბრალდების მხარემ შეკითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დასვა, თუმცა ფანცულაია არც მათ შინაარსს არ აკონკრეტებს.
„მისი მიცემული ჩვენებით ბრალი შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს... საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს და, ჩემი პოზიციით, საერთოდ უნდა გათავისუფლდეს მისი ბრალეულობა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, დაკითხვა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და გამოძიება ყველა იმ შეკითხვას სვამს, რაც დაცვის მხარის ინტერესებში შედის.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი საგამოძიებო უწყებას სრულყოფილ ჩვენებას აწვდის.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგის დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა რის შემდეგაც ერთსათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი ამ წუთებში უნდა განახლდეს. კანონის თანახმად ის 8 საათზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდება.