„ბეჭედი თავის ადგილზეა“ - საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ეს განცხადება საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საუბრისას გააკეთა.
დეკანოზის თქმით, საპატრიარქოში 2 ბეჭედი არსებობს, რომელთა შორის ერთი ყოველთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს, ხოლო მეორეს იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც პატრიარქი ქვეყანაში არ იმყოფება. დეკანოზის განცხადებით, უწმინდესის გერმანიაში ყოფნის დროს, ეს ბეჭედი მეუფე გერასიმეს გერმანიის მიტროპოლიტად დანიშვნისთვის გამოიყენეს.
„ერთი ბეჭედი არის, რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება მნიშვნელოვანი ქონებრივი თუ ეკონომიკური საქმიანობის განკარგვა. ეს არის გადარიცხვები და ა.შ. არსებობს მეორე ბეჭედი და ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, მომსახურეობის ბეჭედი. როდესაც პატრიარქი ან არ იმყოფება საქართველოში ან ის უშუალოდ არ არის, მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეთანხმებით ხდება ამ ბეჭდის გამოყენება,“ - განაცხადა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.
მისი თქმით, მეორე ბეჭდის გამოყენება პატრიარქის ნდობით აღჭურვილ ადამიანს შეუძლია, მათ შორის შორენა თეთრუაშვილსაც.
„ეს შესაძლებელია იყოს ქალბატონი შორენა, შესაძლებელია იყოს სხვა ადამიანი, რომელიც მისი ნდობით აღჭურვილია,“ - განაცხადა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.
მისი აზრით, საუბარი ჩხრეკასთან დაკავშირებით არის იმ ადამიანების „მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლებიც ცდილობენ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დაძაბონ.“