05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
დავით მათიკაშილის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტში მეორე მოსმენის დროს ცვლილებები შევიდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტის განმხილველი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებდა და კარი ღია იყო, თუმცა ოპონენტები იქ წარმოდგენილები არ იყვნენ. მისი თქმით, უმცირესობა ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„სასურველის სინამდვილედ გასაღება და გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვეულებრივი დღის წესრიგი და ნარატივია ჩვენი ოპონენტების,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ ე.წ. ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს.

„იქ წერია, რომ ამ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს ინტერესი გამოძიების მიმართ. ეს არის ყველაზე მთავარი გამოსავალი წერტილი. კანონპროექტი არის ისე შედგენილი, ისე არის ინსტიტუციურად გაწერილი ყველაფერი, რომ მას, ამ კონკრეტულ სტრუქტურას არანაირი სურვილი არ აქვს გამოძიება აწარმოოს. არანაირი წვდომა არა აქვს გამოძიებისადმი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არსებობს კიდევ 5-გზის კონტროლის მექანიზმი, რაც დამოუკიდებლობის ხარისხს მაქსიმალურად წევს, ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დიახ, მესამე მოსმენით განიხილება ცოტა ხანში სწორედ ის კანონპროექტი, რომელმაც შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიცვა ადამიანთა უფლებები. ფიზიკური პირების პირადი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის უფლებები და ასევე მან გაიარა ოქროს შუალედზე და ის დაიცავს აუცილებლად სახელმწიფოს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის დებულებებში მეორე მოსმენის დროს შევიდა გარკვეული ცვლილებები, რამაც სააგენტოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაზარდა.

დავით მათიკაშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ასეთ აჟიოტაჟს იმიტომ ქმნიან, რომ აქვთ „მწარე გამოცდილება“ ნაციონალური მოძრაობის დროს. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ყველას უსმენდნენ.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ამ კანონპროეტის ფარგლებში ბიზნესს ელაპარაკება და უსმენს, რათა მათი ინტერესებიც არ დაზიანდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები