ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი დაგეგმილ რეფორმაზე სასაუბროდ მაუწყებელში სახალხო დამცველს ელოდება. შეხვედრაზე შეთავაზება უჩა ნანუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ომბუდსმენმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ საჯარო კრიტიკა გამოთქვა. რეიტინგის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება, რეფორმის ბუნდოვანება და თანამშრომელთა შრომითი უფლებები, - ამ საკითხებზე მითითება ახალმა მენეჯმენტმა სახალხო დამცველის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში ჩარევად აღიქვა.
საკუთარი განცხადებით სახალხო დამცველმა მაუწყებელს კანონით ნაკისრი ის ვალდებულებები შეახსენა, რომელთა შესრულებაც გადაცემების დახურვის შემდეგ, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს. ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრაში უჩა ნანუაშვილი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა გაუგებარია, კრიტიკა ჩარევად მენეჯმენტმა რატომ აღიქვა.
ახალი მენეჯმენტის გეგმების მიმართ კრიტიკას არხის თანამშრომლები ეთანხმებიან. ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი რეფორმა, რომელიც მოამბის გარდა ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, რამდენიმე კვირაა განხილვის საგანია.
სამეურვეო საბჭოში გეგმის განხილვისა და დამტკიცების მოლოდინი ახალ მენეჯმენტს მომავალი კვირისთვის აქვს.