საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დიდი პალატის მოსამართლეებისა და პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას, რადგან რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება.
„ვნახოთ, ამ ჭიდილში გაიმარჯვებს ერთი მილიარდერი ადამიანი, თუ დანარჩენი საზოგადოება, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს,“ - აცხადებს ნიკა მელია.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ფიქრობს, რომ სასამართლოს საქმის მშვიდად განხილვის საშუალება უნდა მიეცეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პროცესებს თვალ-ყურს მიადევნებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას საკმარისი კომპეტენცია და ლეგიტიმაცია აქვს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს.
„მოსამართლეების მიმართ, მითუმეტეს პოლიტიკოსის მხრიდან გარკვეული კითხვის ნიშნების გაჟღერება, მე მგონი არ არის სწორი არასდროს, რომელ საქმესაც არ უნდა ეხებოდეს. დიდი პალატა არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, რომელიც საქმეებზე იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის თქვენს კომპანიასთან დაკავშირებულ საქმეებზე და მე მგონი, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარ, ასე ვთქვათ, ორგანოს საკმაოდ მაღალი კომპეტენცია და ლეგიტიმაცია აქვს იმისთვის, რომ სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ქვეყანაში სასამართლოს ტესტი იქნება და გამოჩნდება არსებობს თუ არა საქართველოში თავისუფალი მართლმსაჯულება.
არასამთავრობო სექტორის აზრით, დახურულ კარს მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან, ნაკლები ნდობა ექნება. სახალხო დამცველი კი იმედოვნებს, რომ საქმეს დიდი პალატა ობიექტურად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სხდომა 2 მარტს დანიშნა.
ავტორი: ანა წერეთელი.