ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებლები ამ დრომდე იმყოფებიან, ისინი დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველ ჩვენებას ისმენენ. 8 საათიანი დაკითხვის პროცესში, ბრალდებულმა მხოლოდ ერთი საათი შეისვენა. დასახელებულია კონკრეტული გვარები, რომლებიც ე.წ. ციანიდის საქმესთან არიან კავშირში, თუმცა მეტი დეტალები ჯერ უცნობია.
ციანიდის საქმეზე შესაძლოა პატრიარქის დაცვის უფროსი კიდევ ერთხელ დაკითხონ, მთავარი პროკურატურა მის დაკავებასაც არ გამორიცხავს, დასაკითხთა სიაში პროკურორის მოადგილის განცხადებით, სხვა პირებიც არიან.
საპატრიარქოში დღეს განმარტებებს გავრცელებულ ინფორმაციაზეც აკეთებდნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ასევე დაიკარგა ფაქსიმილია და პატრიარქის ბეჭედი. საპატრიარქოს პრესსამსახური ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
საჭიროების შემთხვევაში დეკანოზთან ერთად მზად არიან ჩვენების მისაცემად საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, თუმცა მათ პროკურატურის უწყება ჯერ არ მიუღიათ. მათ შორის არც პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს.
დღესვე მამა დავით შარაშენიძემ დაადასტურა, რომ ილია მეორის დაცვის უფროსის მოვალებას უკვე ზურაბ ბუჩუკური ასრულებს. მისი თქმით, შესაძლოა სოსო ოხანაშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ავტორები:სალომე ბოკუჩავა, დავით ქაშიაშვილი.