დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეისათვის დასრულებულია. გამომძიებლებმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მათი თქმით პროცესი ზუსტად 8 საათს გაგრძელდა და დეკანოზისთვის კითხვების დასმა ხვალ განახლდება. როგორც გამომძიებლები აცხადებენ მამა გიორგი მამალაძემ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა ბრალდების მხარე მათ შინაარსს არ აკონკრეტებს.
დაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთეს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და განაცხადეს, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა მათ შინაარსობრივ დეტალებს ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ ახმოვანებს.
„ციანიდთან დაკავშირებით და იარაღთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იყო, ინფორმაცია იყო მიწოდებული იგივე თემებზე და არამარტო იგივე თემებზე და იქნება მიწოდებული მომდევნო დაკითხვებზე.
"მამა გიორგის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გვაძლევს იმაზე ვარაუდის საშუალებას რომ საქმე უკეთესობისკენ უნდა წავიდეს. მის წაყენებულ ბრალთან მიმართებაში ის მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე,"-აცხადებს ფანცულაია.
გიორგი ფანცულაიას თქმით დაკითხვის დროს იყო შეკითხვები, რომლებსაც დეკანოზმა პასუხები არ გასცა და ამისათვის მან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. სწორედ ამ გარანტიების მიღების შემდეგ გეგმავს მამა გიორგი მამალაძე ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, რომლებზეც ინფორმაცია გამოძიებას დღეს არ მიაწოდა.
შეგახსნებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 11:00 საათისთვის დაიწყო და პროცესის მიმდინარეობისას რამდენიმე შესვენებაც გამოცხადდა.