05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
საპატიმროში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

საპატიმროში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

დეკანოზთან შესვლამდე მათ მცირე კომენტარი გააკეთეს. თუმცა, დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათი განმარტებით, საგამოძიებო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყება კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, რადგან, მათი თქმით, აქამდე რამდენიმეჯერ მიმართეს დეკანოზს ამ მოთხოვნით, თუმცა მათივე განმარტებით, ჩვენების მიცემაზე მამა გიორგი მამალაძე უარს ამბობდა.

პროკურატურას იმედი აქვს, რომ დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ, უფრო დეტალურად შეეძლება საქმეზე საუბარი.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვთ თუ არა ინფორმაცია, ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, პროკურატურის წარმომადგენლები არ პასუხობენ. 

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, ჩვენების მიცემის დროს მამა გიორგი მამალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გვარი დაასახელა.

დაცვის მხარე ჩვენების მიცემის შემდეგ ბრალის ფორმულირების შეცვლის იმედს გამოთქვამს. გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძემ დეტალურად უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც ციანიდის არსებობას და იარაღის საკითხს ეხებოდა.

დღის ამბები