თბილისში გამართულ სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე მონაწილეებმა თავისუფალი მედიის მნიშვნელობასა და საზღვრისპირა ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება რუსთავი 2-ის საკითხზეც გაამახვილეს.
ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, თავისუფალი მედიის არსებობას პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი აზრით, მედიას საშუალება უნდა ჰქონდეს წინ წამოწიოს ისეთი საკითხები, რომლებიც „ფრონტისპირა სახელმწიფოებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„საუბარი უნდა იყოს არა თავისუფალი მედიის შესუსტებაზე, არამედ პირიქით, გაძლიერებაზე. ისეთი მედიის გაძლიერებაზე, რომელიც მართლაც თავისუფალია და ებრძვის პროპაგანდისტულ შემოტევებს თავისუფალი სიტყვითა და ობიექტური აზრით,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა და მის წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ძალიან აქტიურად და უკვე პრაქტიკულად, ღიად მიმდინარეობს პრორუსული პროპაგანდა საქართველოში. ამაზე რეაგირება არ არის არანაირი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, მაგრამ სინამდვილეში არის ძალიან აქტიური მუშაობა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
უსაფრთხოების საკითხებში ადგილობრივმა სპეციალისტებმა ხელისუფლების პასიურობაზეც ისაუბრეს.