მამა გიორგი მამალაძის შეუძლოდ გახდომასთან დაკავშირებით, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ბრალდებულმა დაკითხვის პროცესი ჩაშალა.
პროკურორის თქმით, დეკანოზი ექიმებმა გასინჯეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია.
„გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ველოდებოდით ამომწურავ პასუხს. ასე ვიყავთ შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. როგორც კი დავაპირებთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამის ოქმები. ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი,“ - განაცხადა პროკურორმა.