05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
რუსთავი2-ის მთელი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა პოლიტიკურად მიკერძოებულად და ერთი მხარის სასარგებლოდ - ნინო დანელია

მასკომუნიკაციის დოქტორი, ნინო დანელია, ფიქრობს, რომ რუსთავი2-ის საქმის განხილვის საკითხზე ეჭვები უჩნდება, რადგან ამის საფუძველს სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვის სხვა პროცესები აძლევს. 

ამის შესახებ ნინო დანელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

„ცხადია, კითხვები შეიძლება, მქონდეს და ეჭვიც შეიძლება, მქონდეს სწორედ იმაზე დაყრდნობით, რაც იყო აქამდე, მთელი სასამართლო პროცესი როგორც მიმდინარეობდა. მე ვიტყოდი, პოლიტიკურად მიკერძოებულად და ერთი მხარის სასარგებლოდ. ამიტომ შეიძლება, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ შესაძლოა, დიდმა კოლეგიამაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღოს და გააგრძელოს ეს უსამართლობის ციკლი, რომელიც ამ საქმეს ახლავს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

თუმცა ის აღნიშნავს, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ დიდმა პალატამ  ყველას აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამრთლო არსებობს.

ნინო დანელიას აზრით, საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება სასამართლო პროცესის მიმართ ბუნებრივია, რადგან სხდომა დახურული იქნება და განხილვას დიდი აუდიტორია ვერ მოისმენს მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

„მათ, როგორც ჩანს, არ უნდათ ურთმელიძის და სხვა მოსამართლეების ბედის გაზიარება, რომელთა გვარებიც ჩვენ უკვე, პრინციპში, ზეპირად ვიცით, როგორც უსამართლო, არაპროფესიონალი მოსამართლეების,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

დღის ამბები