05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
სოსო ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან მის დაკავშირებას ცდილობენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ სურს, პირადად პოლიტიკას გაემიჯნოს. მისი თქმით, რაღაც დონეზე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეიძლება, იყოს გარკვეულ კავშირში პოლიტიკასთან.

„მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას. ეს რაც ხდება, სხვანაირი ბრძოლაა და უბრალოდ არ მინდა, რომ ეს... ცდილობენ, რა თქმა უნდა, ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი თქმით, ის წამოვიდა სამსახურიდან, რომელიც „მისი ცხოვრების ნაწილი იყო“.

„მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მრავალი წლის განმავლობაში. ისეთი რაღაცა მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირა გავიდა თითქმის და ბევრ რამეს ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება მამა გიორგი მამალაძის საქმეს და პატრიარქის უსაფრთხოებას ეხება. სოსო ოხანაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ისეთი საუბარი წავიდა, რომ ის თანამდებობაზე ვეღარ გაჩერდებოდა და ეს ნაბიჯი პატრიარქთან შეთანხმებით გადადგა.

სოსო ოხანაშვილი ფიქრობს, რომ არის მცდელობა ე.წ. ციანიდის საქმესთან ის დააკავშირონ და არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე დააკავონ კიდეც.

„არის მცდელობა იმისა, რომ მე დამიკავშირონ... რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი,“ - აცხადებს ოხანაშვილი.

დღის ამბები