03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებაში, შესაძლოა, ექიმების ბრალეულობაც გამოიკვეთოს

პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობისთვის გასამართლებულთა ადვოკატები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედიკოსების საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. ეს ის საავადმყოფოა, სადაც პატიმარს გარდაცვალებამდე მკურნალობდნენ.

უფლებადამცველები სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაძლო გადაცდომაზე საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კორტავას სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ პატიმრის გარდაცვალების სხვა მიზეზი გამოიკვეთოს.

ადვოკატები მინისტრ სერგეენკოს კორტავას საქმით პირადად დაინტერესებას სთხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ პასუხისმგებლობა პატიმარის გარდაცვალებაზე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებსაც დაეკისროთ.

ადვოკატებს კონკრეტული ფაქტებიც აქვთ, რაც მათთვის კორტავას მიმართ არასათანადო მკურნალობის ეჭვის გაჩენის საფუძველი გახდა.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ადვოკატებისთვის დღეს არ უპასუხიათ. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტეს, რომ ადვოკატების განცხადებაზე რეაგირებას კანონის შესაბამისად მოახდენენ.

მისცემს თუ არა საქმის შესასწავლად თანხმობას სააგენტოს, კორტავას ოჯახს ჯერ არ გადაუწყვეტია. გარდაცვლილი პატიმრის ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ ციხის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ სამართლებრივი დავა მათ თავადაც დაიწყონ.

ლევან კორტავა გასული წლის მაისში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები პატიმარს გეგუთის მე-14-ე კოლონიაში სხვა მსჯავრდებულებმა ცემით მიაყენეს. სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება იყო, რაც მან, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით მიიღო.

ლევან კორტავას მკვლელობაში ბრალდებულ 6 პატიმარს ქუთაისის სასამართლომ 11, 14, 15 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები