საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს, მაშინდელი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად, დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, მაშინ მე დამჭირდა მკაფიო განცხადებების გაკეთება, რომ პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების რეჟიმში გადმომეყვანა,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი.
"რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვენლოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისგან და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ.
"თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები,“- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი მედია საზოგადოებას ეკუთვნის.
„ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ის ეკუთვნის საზოგადოებას, იმ თანამშრომლებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელ მედია პროდუქტს ქმნიან,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას საქმიანობა შეეზღუდება ეს იქნება არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის პრობლემა.