03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
საქართველოს გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს გზებზე უამინდობისა და დიდთოვლობის გამო გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან, ნინოწმინდა-ახალქალაქის ტერიტორიაზე, გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის გახსნილი.

შეფერხებების გარეშე მოძრაობს ტრანსპორტი ბათუმი-ახალციხის მიმართულებითაც, სადაც გუშინ თოვის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა და მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მოძრაობა აღდგენილია ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული რეჟიმით ხდება - ავტობუსებსა და ტრაილერებს გზის გაგრძელების საშუალებას ამ მიმართულებით არც დღეს აძლევენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

შეზღუდვა ასევე მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე, სადაც სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო ტრანსპორტი არ მოძრაობს ზუგდიდი-მესტიის მიმართულებით.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებული არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

ამავე თემაზე
დღის ამბები