03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
უხვი ნალექის გამო ოზურგეთი-ურეკის და ურეკი-ბათუმის გზა ჩაიკეტა

უამინდობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოშიც. უხვი ნალექის გამო ოზურგეთი-ურეკის მიმართულებით გზა ჩაიკეტა. გადაადგილება გართულდა ურეკი-ბათუმის გზაზეც. დიდთოვლობაა აჭარის მაღალმთიანეთშიც.

გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ზედა თხილნარი. მოსული ნალექის შედეგად, სოფელში მისასვლელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ის ერთადერთი გზა ჩაკეტა, რომელიც სოფელს ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს. სოფელში მცხოვრები 30-მდე ოჯახი გზის გაწმენდას ელოდება. თუმცა ცუდი ხილვადობის გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ხვალ დილამდე ვერ ხერხდება.

პრობლემები აქვთ ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებსაც, რომლებიც უამინდობის გამო უშუქოდ არიან დარჩენილი.

დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ჯერ არ ელოდებიან.

დღის ამბები