08 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
„თამაში არის ასეთი, რომ ევროპაც მინდა, მაგრამ რუსეთსაც თვალს ჩავუპაჭუნებ“ - ლევან ბერძენიშვილი

„არ არსებობს რუსული პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკიც, რომელიც საქართველოში არ მოქმედებდეს,“ - რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, საქართველოში არსებული პრორუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს.

„ოკუპაციაც მოხდება, ის ტერიტორიებიც არ დაბრუნდება, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი თავის არცერთ გადაწყვეტილებაზე, საუკუნეების მანძილზე,“ - ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორის საზოგადოების შესახებ საუბრობს და დარწმუნებულია იმაში, რომ ორგანიზაცია რუსული თანხებით ფინანსდება.

„როდესაც ხელისუფლების ერთი შტო მუშაობდა იმაზე, რომ შეგვესრულებინა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, ისახელა თავი საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და ამ დროს ძალიან გაფაქიზებული აქვს სმენა მთელს ევროპას, რომ ქართველებმა რაიმე ისეთი არ თქვან და ამ დროს უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გამოვიდა და თქვა, რომ არ გვინდა ნატო,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მაშინ, გოგი თოფაძის ამ განცხადების გამართლება უმრავლესობის სხვა წევრებმა სცადეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის თამაშები. თამაში არის ასეთი, რომ ევროპაც მინდა, მაგრამ რუსეთსაც თვალს ჩავუპაჭუნებ, იმიტომ რომ რამე რომ იყოს, ისიც ძალიან მჭირდება,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, „ეს არის ის, რომ საქართველოში ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო რუსეთთან მიმართებაში.“

 

დღის ამბები