17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს რუსეთის პროვოკაციების წინააღმდეგ დიპლომატიური მექანიზმების გააქტიურებას ურჩევს

საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს აფასებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები, ლავროვის ვიზიტის გარეშეც, საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხის შემცველია და ეს ვიზიტი პირველი შემთხვევა არ არის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ სერგეი ლავროვი და რუსეთის სხვა თანამდებობის პირები სოხუმში წინა ხელისუფლების პერიოდშიც ჩადიოდნენ.

„ლავროვის ვიზიტი რომც არ ყოფილიყო, ეს არის საერთოდ საფრთხე მთლიანობაში, საქართველოსთვის, რასაკვირველია, ლავროვის ვიზიტი არ არის სიახლე. რატომღაც უნდათ გამოაჩინონ, რომ ეს ვითომ ამ პერიოდში ხდება, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა,“ - აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი.

უმცირესობის აზრით, ლავროვის განცხადებები ძალიან საგანგაშოა და ხელისუფლების პასუხი გაცილებით უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ლავროვი იქ ივლის თუ არ ივლის და აქამდე დადიოდა თუ არ დადიოდა, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის პოლიტიკაა, პრობლემა ხელისუფლების რეაქციაში მდგომარეობს,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშილი კი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაააქტიუროს.

„ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან არ არის ის გზა, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ გამოსავალი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე თავხედურად არ ჩადიოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები