03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
საფრანგეთში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

საფრანგეთში მომხდარი სისხლიანი ტერაქტების შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებულია - მობილიზებულია 100 ათასამდე სამართალდამცველი, ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდება კი იგივეა - ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის მოსახლეობას ეროვნული თანხმობისაკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, შეშფოთება ქვეყანაში კვლავ იგრძნობა, თუმცა ხალხს მიაჩნია, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში უნდა გაგრძელდეს.

„ამ ტერაქტის შემდეგ თითოეული ჩვენგანი შეშფოთებული და დამწუხრებული იყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთი ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩაერთო, მუდმივად ისმოდა მუქარა, განსაკუთრებით, „შარლი ებდოს“ რედაქცის მისამართით, საშინელება მოხდა. დღეს კი ყველამ უნდა იყიდოს, "შარლი ებდოს" ნომერი, უნდა ვიყოთ სოლიდარულები და აუცილებლად უნდა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება,“ - განუცხადა იურისტმა ალეხანდრა ბერნშერიტმა „რუსთავი2-ის“ კორესპონდენტს.

მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა საქართველოს დესპანმაც საფრანგეთში. გოჩა ჯავახიშვილის თქმით, საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილისთვის მართლაც მიუღებელი იყო „შარლი ებდოს“ სტილი, თუმცა მათ გააზრებული აქვთ, რომ სიტყვის თავისუფლება ეს თავისუფლების მთავარი ღირებულებაა.

„შარლი ებდოს“ კარიკატურები, გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლოა ბევრს მართლაც გადამეტებულად ეჩვენებოდა, ზოგჯერ, შეიძლება ბევრს არც ეპიტნავებოდა ეს სტილი, მაგრამ ფრანგებისთვის ყველაზე ღირებული იყო ის, რომ ისიც კი, რასაც შეიძლება არ ეთანხმებოდე, არ გეზედმეტებოდეს მისი არსებობა საზოგადოებაში. ეს არის სწორედ ღირებული თავისუფალ საზოგადოებაში,“ - ამბობს გოჩა ჯავახიშვილი.

დღის ამბები