05 ნოემბერი 2024,   08:09
ვრცლად
"მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციის მცდელობა," - მამუკა მამულაშვილი წულუკიანის ინიციატივაზე

"მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციის მცდელობა," - ასე ეხმაურება უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი  "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი საქართველოს ხელისუფლების იმ ინიციატივას, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას დასჯად ქმედებად აქცევს.  

მამუკა მამულაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ მას, ხელისუფლების განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ინიციატივა "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თუმცა იქვე დასძენს, რომ "ქართულ ლეგიონს" კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლება უწევს და არანაირად არ წარმოადგენენ უკანონო დაჯგუფებას. 

"ჩვენ კოორდინირებას გვიწევენ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები, როგორიც არის, უკრაინის თვდაცვის სამინისტრო, ასევე რამდენიმე სამხედრი ბატალიონი. ასე რომ, ჩვენ რაიმე ბანდფორმირებებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს," - ამბობს მამუკა მამულაშვილი და დასძენს, რომ "ქართული ლეგიონის" წევრები იდეისთვის იბრძვიან და ამაში ისინი არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ. 

"ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, რომლებიც ეხმარებიან უკრაინელებს და ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. მართალია, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არის ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. ვაკეთებთ იმას, რაც უკრაინელებმა თავის დროზე ჩვენთვის გააკეთეს," - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

ამასთან, ის ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება ამ ახალ ინიციატივას "იმ პირების წინააღმდეგ გამოიყენებს, რომლებიც დღეს რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის დასარღვევად და უკრაინის ტერიტორიების მისათვისებლად იბრძვიან."  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები