17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

განიხილავენ თუ არა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა მიიღონ. „ევროპულ საქართველოში“ საკითხზე მსჯელობას აუცილებლად მიიჩნევენ. პარტიაში ამბობენ, „ქართული ოცნება“ პროცესის გაჭიანურებას მაქსიმალურად ცდილობს.

„მათ გონიათ, რომ რაც უფრო გაწელავენ, მით უფრო დროს იგებენ, მაგრამ ეს დრო არ მუშაობს ოცნების სასარგებლოდ,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ უმრავლესობაში ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თემის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში არ მოხდება.

„მთელი ხელისუფლება ფაქტობრივად არის დამნაშავე ამ პროცესში. ბუნებრივია, ამიტომ მოხდა გაყალბება დოკუმენტებისა და ნივთმტკიცებისა და არავის უნდა მისი გამოძიება და უნდათ, რომ ეს გაიწელოს დროში. აქ წინააღმდეგობები აბსოლუტურად მოჩვენებითია, არავინ შექმნის ამ კომისიას,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობაში.

მმართველი გუნდის ნაწილი კომისიის შექმნის მომხრეა, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ საკითხის პოლიტიზირებას ემსახურება.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თავისი არსით საკითხის პოლიტიზირებას უფრო ემსახურება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად და თუ ჩვენ არ გვექნება სრული არგუმენტები, რომ ასეთ კომისია მართლაც იმას შეიძლება ემსახურებოდეს, რომ ობიექტურად და სამართლიანად იყოს მოცემული საკითხი შესწავლილი, თუ ასეთი არგუმენტები არ იქნება, ალბათ არასწორი იქნება კომისიის შექმნა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები