17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
"რეალობა აბსოლუტურად სხვა არის"- მმართველი გუნდი ევროპელი დეპუტატების კრიტიკას არ ეთანხმება

ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის წეზოლის გარდა, საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის შესაცვლელად ხელისუფლებაზე გავლენას ევროპელი დეპუტატების განცხადებებიც მოახდენს.

მმართველი ძალის ოპონენტები "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტს "უღირსს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის, როგორც საქართველოში, ასევე საერთშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.  

„მთელი არასამთავრობო სექტორი ერთხმად წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არის ანტიდემოკრატიული და უკან დახევს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რაც მის უფლებამოსილებაშია, რომ გავლენა იქონიოს საქართველოს ხელისუფლებაზე და დაიცვას საქართველოს მომავალი ქართველ ხალხთან ერთად,“ - აცხადებს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.

კრიტიკა მიუღებელი და გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები შეფასებისას პარტიული ჯგუფების განცხადებებს ეყრდნობიან.

„ვიწრო სარკმლიდან დანახული პარტიული ჯგუფების შეფასებას თუ ეყრდნობა პარლამენტარი, ეს სხვა საკითხია და იმედი მაქვს, რომ ესეც გაირკვევა ამ ვითარებაში იმიტომ, რომ რეალობა აბსოლუტურად ახლა სხვა არის. კონსტიტუციაში არის მთელი რიგი მუხლები, რომელიც გაუმჯობესდა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

არასამთავრობოების მიერ გაგზავნილი ღია წერილის საპასუხოდ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და გააგრძელოს დიალოგი.

დღის ამბები