16 ივნისი 2024,   00:05
ვრცლად
პრეზიდენტის პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი - ირაკლი კობახიძე

ასეთ დროს პრეზიდენტის პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტის იმ შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც დიალოგის დაწყებას ეხებოდა.

კობახიძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი გაუგებარი მიზეზების გამო თქვა, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა დღეს შეუძლებელია.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობას, პოლიტიკურ პარტიებთან გეგმავს.

„როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო 4 თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. კონსულტაციები და კონსენსუსი უნდა შედგეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ასეთი კონსულტაციებისთვის და შესაბამისად, ამ ფორმატში შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, ეს არის ჩვენი პოზიცია,“ - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ეს არა ერთი ფაქტით დამტკიცდა.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რაიმე არის მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ, კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ის, რომ არაფერი არ იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები