03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
არასამთავრობოები ე.წ. შუღლის კანონპროექტზე შსს-ს განცხადებას ეხმაურებიან

არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს შესაძლოა ”შუღლის გაღვივების შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია შესთავაზოს, რადგან, მათი შეფასებით, კანონპროექტში არის ბევრი პუნქტი, რომელიც დახვეწას და დაზუსტებას საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები ვერ აბათილებს კრიტიკას, რომელიც შემოთავაზებული კანონპროექტის სადავო დეტალებს ეხება.

„ბევრი ნორმა საკმაოდ ბუნდოვანია და ის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა,” - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ელბაქიძის შეფასებით კი, თავად კანონის მიღება თავისთავად აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება სახელმწიფოში, თუმცა ის არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

„წინააღმდეგობას ნამდვილად არ ვუწევთ იმას, რომ რაღაც უსაფრთხოების საკითხები უნდა გამკაცრდეს და ბუნებრივია, უფრო დაცულად უნდა ვიგრძნოთ სახელმწიფოში თავი, თუმცა კონკრეტული უფლებების შეზღუდვას ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს, ეს გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, ალტერნატიული პროექტები,” - განაცხადა ნინო ელბაქიძემ.

დღის ამბები