03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"კანონი ერთფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა," - თამარ კორძაია

შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს ჟურნალ „ლიბერალის” მიერ ორგანიზებული დისკუსიის მონაწილეებმა. შეხვედრას პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, შუღლის გაღვივების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება.

პროექტის რამდენიმე მუხლს აპროტესტებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც. თამარ კორძაიას თქმით, კანონპროექტის გარკვეული პუნქტები დაზუსტებას საჭიროებს.

„მე ვფიქრობ, შესაძლებელია მყისიერი საფრთხის დოქტრინის დამატება თვითონ მუხლის დეფინიციაში და მისი გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში. მუხლი არ იძლევა ერთფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი გახდეს,” - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

არასამთავრობო სექტორი ამ მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მიღება ავტომატურად გამოიწვევს კონსტიტუციის სტანდარტების დარღვევას, რადგან გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს გაცილებით მეტად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციით.

დღის ამბები