26 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
მუქარის გზავნილები და კიბერთავდასხმა "რუსთავი 2-ის" ვებგვერდზე

მუქარის გზავნილები და კიბერთავდასხმა "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ - ვებგვერდზე შესაძლო კიბერშეტევის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ "რუსთავი 2-ის" საიტს - rustavi2.ge პრობლემები შეექმნა. ვებგვერდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა, ჩართვის შემდეგ კი შეფერხებით მუშაობდა.

შეტყობინება უკვე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში „რუსთავი 2-ის" შენობაში მიმდინარეობს.

ძალოვანები იმ შეტყობინებებს სწავლობენ, რომელიც წინ უძღოდა ვებგვერდის მუშაობის შეფერხებას და რომელიც "რუსთავი 2-ის" ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოვიდა.

"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება გამოიგზავნა, რის შემდეგაც rustavi2.ge-ზე განხორციელდა კიბერთავდასხმა.

მელაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ შსს-ის კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიდან და განუცხადეს, რომ ჩაერთვებიან საქმეში და Facebook-ზე მოწერილ გზავნილებს შეისწავლიან.

"დავკარგეთ მართვა ვებგვერდზე, როგორც სისტემური ადმინისტრატორიდან, ასევე მომხმარებელი "რუსთავი 2-ის" ვებგვერდს ვერ ხედავდა,"- აღნიშნა ნოდარ მელაძემ. 

"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, კიბერშეტევის მიუხედავად, ვებგვერდის მონაცემთა ბაზები, არქივი სრულად შენარჩუნებულია და ამჟამად საიტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

 

დღის ამბები