17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაეროში - ძირითადი აქცენტი ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესზე გაკეთდა 

რუსეთის ფედერაცია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას განაგრძობს, რითაც არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს - ამ სიტყვებით მიმართა საქართველო პრემიერმინისტრმა მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს, გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.  

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოსკოვმა გაააქტიურა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, ატარებს მავთულხლართებს და ზღუდავს იქ მცხოვრები მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლას და უფლებებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა რუსეთს ამ დრომდე არცერთი საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე საქართველოს პრემიერმინისტრის მოხსენებაში აქცენტირებული იყო გზავნილი, თუ რა წარმატებას მიაღწია საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში. განცხადება, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, ცვლილებები ხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მასში ჩადებული ახალი ინიციატივები პასუხობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ პროექტებზე, ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას, აღმოსავლეთის და დასავლეთის ბაზრების დაახლოებაში ქვეყნის როლს, რეგიონის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შერიგების პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს. ელჩებმა გაეროსა და შეერთებულ შტატებში კი, აქცენტი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის შესახებ გზავნილებზე გააკეთეს.

პრემიერმინისტრმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი უკვე დაამთავრა და თბილისში დღეს დაბრუნდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები