03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
"ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" ივანიშვილს პასუხობს

"ივანიშვილის გამოსვლა არ შეესაბამება დემოკრატიული მმართველობის პრაქტიკას,”- ასე აფასებს ყოფილი პრემიერის მიერ ორი დღის წინ სამოქალაქო სექტორის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“. 

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ბოლო პერიოდში არსამთავრობო სექტორის საქმიანობაზე გახშირებულ კრიტიკაზე, რაც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„გადამდგარი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადება, რომლის მიხედვით მზადდება კვლევა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა საქმიანობის შესახებ, ფაქტობრივად, აანონსებს მაკომპრომატირებელი ინფორმაციის გავრცელებას. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას, არ უნდა ხდებოდნენ თავდასხმის ობიექტები. ასე რომ არ იყოს, მიუღებელია საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ადამიანის შევიწროება საკუთარი აზრისა და საქმიანობის გამო,” - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო საზოგადოება იმედოვნებს, რომ ოფიციალური პირები თავს შეიკავებენ მომავალში მსგავსი განცხადებებისაგან, ხოლო საზოგადოება იქნება ერთიანი ამ პრაქტიკასთან ბრძოლაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების – ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

დღის ამბები