08 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

მამა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. დეკანოზი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა დეკანოზმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირი ვერ განახორციელა.

დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ახლობლებთან დარეკვა სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. ამაზე კი ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ტელეფონს მიღება არ ჰქონდა და ამის გამო უჭირდა დარეკვა.

ადვოკატის თქმით, ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გასვლის მცდელობის შემდეგ, მამა გიორგი მამალაძემ სხვა ნომრებზეც სცადა დარეკვა და მათთან დაკავშირებაც ვერ შეძლო.

„ეს მიზანმიმართული იყო, გარკვეულწილად, იმიტომ, რომ შეიძლება ერთ ნომერთან ვერ ხდებოდეს კავშირი, მაგრამ ოთხ ნომერთან, ეს არის სპეციალურად გაკეთებული. თუ გავითვალისწინებთ, საუბარი არასდროს არ ყოფილა, რომ ოდესმე სატელეფონო კავშირზე პრობლემა ყოფილიყო. ამის შემდეგ, მამა გიორგიმ უარი თქვა საკვების მიღებაზე და წამლებზეც უარი განაცხადა. შესაბამისად, შედგა ოქმი და ოქმი, როდესაც მოიტანეს ხელმოსაწერად, იქ არ იყო მითითებული, თუ რის საფუძველზე იყო გადაწყვეტილება მიღებული მამა გიორგის მხრიდან,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძესთან შესულები იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. ნანუაშვილის წარომადგენელი, საბა ბრაჭველიც ოქმში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, იქ არ იყო ის პრობლემა ასახული, რის დაფიქსირებაც დეკანოზს სურდა.

საბა ბრაჭველის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საქმეს შეისწავლის. 

დღის ამბები