26 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
ოპოზიცია ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოდან წასვლას ეხმაურება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ლავასოღლის, საქართველოდან წასვლას ოპოზიცია ეხმაურება.

ევროპული საქართველოს წევრის, გივი თარგამაძის, თქმით, წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის, ვერ დაუმტკიცეს კანონიერი ქურდობა, როდესაც ის ამას თავად არ მალავს.

„არ ველოდი, რომ ასე ნაჯახისებურად, ასე თავხედურად გააკეთებდნენ ამას. არჩევნებამდე 5 დღით ადრე ადამიანი გაათავისუფლეს. წარმოიდგინეთ, რომ კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს ადამიანს, რომელსაც კიდევ ბევრი სხვა ბრალდება აქვს, რომელიც ყველამ იცის აჭარაში, რომელსაც ზედ ახატია რვა ქურდული ვარსკვლავი და, მინიმუმ, ათი ინტერვიუ მაინც არის, სადაც იძახის, რომ  ქურდია,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი  ამბობენ, რომ ლავასოღლი ძალიან დიდ გავლენას ახდენს აჭარის რეგიონში ძალოვანი სტრუქტურების მართვაზე,  მათ შერჩევასა და დანიშვნაზე. 

„განსაკუთრებით საგანგაშოა ორი ფაქტი. პირველი ის, რომ ლავასოღლი იქნება პირველი ადამიანი, რომელიც თავად აღიარებს, რომ არის კანონიერი ქურდი და მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნისა, იქნება თავისუფლებაზე და მეორე, რომ ეს ჟესტი ხელისუფლებამ გადადგა არჩევნებამდე 5 დღით ადრე,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ, საქართველო დატოვა.

ინფორმაციას ლავასოღლის ქვეყნიდან გასვლის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე მუხლით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ადვოკატი ადასტურებს.

ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ლავასოღლიმ, საპყრობილე გუშინ დატოვა. ის სწორედ ის პირია, რომელთანაც საიდუმლო კავშირში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მინდია გორაძე 2015 წელს მოლდოვაში დააკავეს.  ქართული მხარე მის გადმოცემას ითხოვდა და რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა. ერთ-ერთი არის ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, ადამიანების დაშინება და მუქარა.  ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდია გორაძეს 9 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მისჯილი ჰქონდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის. გუშინ ეს ვადა ამოიწურა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები