21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, კეთილი ინებოს და ჩავიდეს პანკისში - გია ხუხაშვილი

„მე მაინც მრჩება კითხვები, იგივე, ჩატაევის მიმართ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ გარანტორის გარეშე ასეთი შესვლები, როგორც წესი, ამ დონის ტერორისტების მხრიდან არ ხდება. მე მაინც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ჯობს, ძალოვან სისტემაში ეძებოს გარანტორი მთელი ამ ისტორიის,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

პოლიტოლოგის თქმით, არსებულ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ არ ისმის ხელისუფლებისგან.

„რუსეთისთვის პანკისის ხეობა არის საკმაოდ კარგი საბაბი, იქ განვითარებული შესაძლო დრამატული მოვლენები საკმაოდ კარგი საბაბია იმისა, რომ მორიგი პრეტენზიები, მორიგი აგრესიული ქმედებები ჩაატაროს საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი ამას გამოიყენებს ძალიან ოსტატურად თუ იქ რაღაც დაძაბულობის კერა გაჩნდა,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი პანკისში არსებულ მდგომარეობას სათავისოდ გამოიყენებს. ის პრემიერმინისტრს პანკისში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„მე მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, კეთილი ინებოს და ჩავიდეს პანკისში, იქ არიან საქართველოს მოქალაქეები,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

„კითხვები ძალიან ბევრი არსებობს, იგივე, ჩატაევმა, როგორ ვერ მოახერხა თავის კომპიუტერის განადგურება, როცა კაცმა თავი აიფეთქა და 24 საათი წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ამ კითხვებზე ბუნებრივია, რადგან პასუხი არ არსებობს, ამიტომაც სიტუაცია უფრო იძაბება და ჩნდება შეთქმულების თეორიები,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

ხელისუფლებისგან სპეცოპერაციის შესახებ პასუხებს პანკისელი უხუცესებიც ითხოვენ. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვენ.

უხუცესები, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ, საქმეში არსებული მასალები გააცნეს, აცხადებენ, რომ ჩანაწერში ხმა კარგად არ ისმოდა და შინაარსი, სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის ინფრომაციაზე დაყრდნობით მოისმინეს. ახლა კი, დეტალური და დროული გამოძიების ჩატარებას პროკურატურას სთხოვენ.

დღის ამბები