დამალული ქონება და თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები - საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ დეკლარაციების 80 პროცენტში დარვევებია.
თანამდებობის 7 პირის მიერ შევსებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების რეაგირება გახდეს საჭირო. მას შემდეგ, რაც შევსებულ დეკლარაციებში, შეუსაბამობები აღმოჩნდა, შესაბამისი მასალები, საჯარო სამსახურის ბიურომ საგამოძიებო უწყებებს უკვე გადაუგზავნა.
შესწავლილია 287 დეკლარაცია, მათ შორის არიან როგორც პარლამენტის წევრები, ასევე მოსამართლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები.
„სიტყვაზე, ნაცვლად 530 ლარისა, იყო 524 ლარი ანგარიშზე. ანგარიშებს შორის ცდომილება იყო 6, 7, 10, 15 და 20 ლარი და ა.შ. ანუ პირველი იანვრის მდგომარეობით, ნაშთები იყო ჩემს დეკლარაციაში დაფიქსირებული, როდესაც უნდა დამეფიქსირებინა დეკლარაციის დღისთვის საბანკო ანგარიშებში რა მდგომარეობა იყო იმ მომენტისათვის. განსხვავება 7 დღეში, გარკვეულ ანგარიშზე რაღაც თანხები დაიხარჯა. ამაზეა საუბარი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
„კონკრეტული ადამიანები ფარავენ თავიანთ ქონებას იმის გამო, რომ ეს ქონება შესაძლებელია არ არის მოპოვებული კანონიერი გზით. ამის შემდეგ, ამ შემოსავლით, იგი იძენს გარკვეულ ქონებას და შემდეგ ამ ქონებასაც მალავს. აქ ამ შემთხვევაში უკვე სხვა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე და ცხადია ესეთი ფაქტები თუკი არის, ეს ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.