18 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პირადად, კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე - ლეილა მუსტაფაევა

„ჩვენ უკვე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აგვისტოში. მუხთარლის საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მოხვდა. ამიტომ გადაწყვეტილების ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ბელაქნის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

ლეილა მუსტაფაევა „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მისი მეუღლის დაპატიმრებაზე. ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხთარლი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველებმა გადაიყვანეს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია აფგანის დაპატიმრებაზე, რადგან მისი გატაცება დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში და შემდგომ პროცესი გაგრძელდა აზერბაიჯანში. მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს. დღემდე არც პოლიციას და არც პროკურატურას არ მოუხდენია რეაგირება ჩემს განცხადებაზე. დღემდე არ ვიცით ვინ იყო ოფიციალურად ჩართული აფგანის გატაცების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ აფგანს შეუძლია ამ ადამიანების ამოცნობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პირადად, პრემიერი კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის ადვოკატი, სასამარტთლოს განაჩენს უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

„თუ ზედა ინსტანციაც იმავე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, სარჩელს უკვე საკასაციო სასამართლოში შევიტანთ. თუ ამ შემთხვევაშიც არ დადგება გამამართლებელი განაჩენი, მაშინ უკვე სტრასბურგის სასამართლოში გავაგრძელებთ ბრძოლას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

აფგან მუხთარლი, დაახლოებით, 7 თვის წინ დააკავეს. ჟურნალისტის ოჯახი ირწმუნება, რომ მუხთარლის გატაცება თბილისიდან მოხდა და გატაცების საქმეში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები