21 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მე ვურჩევდი, რომ ენძელა მაჭავარიანი წამოაყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად - გია ხუხაშვილი

„მე ვურჩევდი, რომ ენძელა მაჭავარიანი წამოაყენონ, ცოტას გავერთობოდით მაინც, ვიმხიარულებდით,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას გააკეთა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ქართული ოცნება პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს.

ქართულ ოცნებაში არის რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც ეყოლება თავისი კანდიდატი, რომლის ლობირებას გასწევენ. ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ხალიჩის ქვეშ, ალბათ, დიდი ბრძოლები დაიწყება,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა მედიაში დასახელებულ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებზე ისაუბრა, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია.

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ დავით სერგეენკოსა და გიორგი კვირიკაშვილის გვარები მათთან შეთანხმების გარეშე დაასახელეს.

„მათი კანდიდატურები მათთან შეთანხმების გარეშე ვიღაცას დასჭირდა, რომ გაეხმოვანებინა. ვვარაუდობ, რომ ორი გვარის შემოგდება განპირობებული იყო მარგველაშვილის წინა დღის ინტერვიუთი, სადაც მან არ გამორიცხა მონაწილეობა და საინფორმაციო გადაფარვა, ალტერნატივა შექმნა ვიღაც „ჭკვიანმა“. ეს სახელისუფლებო კულისებიდან მოდიოდა,“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველოში გადაწყვეტილებებს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი არ იღებს.

„სერგეენკოს გვარის ხსენება მოგონილი თემაა, კვირიკაშვილს მაინცდამაინც არავინ ეკითხება, იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არა. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს რა თქვა, ხვალ შეიძლება, სხვა რამე თქვას. კვირიკაშვილს ამ ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება... კვირიკაშვილის ტიპის პოლიტიკოსი საპრეზიდენტო თანამდებობისთვის უფრო მისაღებია, თუმცა, მისი ბოლო გამოხტომები, დაწყებული შალელაშვილის ინციდენტიდან, "უცნობთან" განვითარებული მოვლენები და მისი კეთილების მოკითხვები, ამ ყველაფერმა მისი მთავარი აქტივი, რასაც ის რბილიად  უნდა გადაეყვანა პრეზიდენტის სავარძელში, დაანგრია, რადგან არცთუ ისე დავარცხნილი ადამიანი ყოფილა,“ - განაცხადა ხუხაშვილმა. 

პოლიტოლოგმა მოქმედ პრეზიდენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხუხაშვილის შეფასებით, მისი შანსები ძალიან ბუნდოვანია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები