21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ისლანდიამ და შვედეთმა საქართველოს მხრიდან, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს

საქართველოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი იმ ქვეყნების სიას ასახელებს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა. ისლანდია და შვედეთი - ამ ქვეყნებში მიმართვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამ ორმა ქვეყანამ უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მხრიდან, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით.

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა უვიზო მიმოსვლასა და შეჩერების მექანიზმზე ანგარიშიც წარადგინეს, რის შემდეგაც დაიწყო საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა ვიზა-ლიბერალიზაციას შეექმნას.

განცხადება ამის შესახებ გააკეთა საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ.  

„ნახსენები იყო, რომ საქართველოდან საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. გაზრდილია რამდენიმე ქვეყანაში, კონკრეტულად ორმა ქვეყანამ გამოთქვა წუხილი ამის შესახებ და მოუწოდა კომისიას, რომ თვალყური ადევნოს იმას, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. კომისიას არ გამოუთქვამს არანაირი წუხილი ან პრეტენზია, ისინი არიან ახლა დაკვირვების პროცესში. შედარებით ცოტა დროა გასული. საუბარია ტრენდებზე, საუბარი იმაზე, როგორ გაიზრდება თუ შემცირდება სხვადასხვა მონაცემები,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„უვიზო მიმოსვლას დღესდღეობით არაფერი არ ემუქრება. რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მან აიღო, სანამ მიიღებდა უვიზოს. რამდენიმე თემაა განსაკუთრებით გამოყოფილი ჩვენს მიმართებაში, ეს არის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა უნდა იკლოს და რაც თქმა უნდა, ის სამთვიანი ვადა არ უნდა დაირღვეს,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

 

 

 

 

 



 

 

 

 

 



 

 

დღის ამბები