21 დეკემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"შეცდომაა, რუსეთთან ენის მოჩლექვა "- ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

რუსეთის სათათბიროს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის დაკანონებას, ოპოზიციის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახადოს რუსეთთან ურთიერთობების ფორმატებს.

„მოსკოვის პოლიტიკა იმთავითვე იყო, რომ დეოკუპაციისა და და მათ მიერ უკანონოდ აღიარებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღების საკითხი  დღის წესრიგში არ დადგებოდა. სწორედ ამიტომ იქნა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი ეფექტურად ჩანაცვლებული კარასინი-აბაშიძის ფორმატით, სადაც აღარ განიხილება არც დეოკუპაციის საკითხი, არც დევნილების დაბრუნების საკითხი და არც უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის საკითხი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, საიდანაც კრემლი უკან დახევას არ აპირებს. ჩვენი ხელისუფლების შეცდომაა მე-6 წელიწადია, ენის მოჩლექვა რუსეთთან იმ იმედით, რომ მოსკოვი ჩვენ რამეს გადმოგვიგდებს, არ გადმოგვიგდებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან რუსეთი თავისი გეგმების განხორციელებაზე უარს არ ამბობს.

„არსებითადად არაფერს ცვლის, თუ რამდენი შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს დუმა. ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ მათ მიერ ვართ ოკუპირებული, მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ მათთვის ყველანაირად მნიშვნელოვანია მარიონეტულ რეჟიმებთან რაღაც ურთიერთობების დამყარება და ოკუპაციის კიდევ უფრო ჩაბეტონება თავის შიდა სამართლებრივ სივრცეში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ აშშ-სა და ევროკაშირისთვისაც დიდი გამოწვევაა.

„გაპროტესტება მარტო ქართული მხარის ინტერესებში არ შედის, ეს მსოფლიოსთვის, დანარჩენი პროგრესული ნაწილისთვის შექმნილი საფრთხეა, რომელიც მნიშვნელოვანწილად სცილდება, ქართული, ოსური ან თუნდაც, ქართულ-რუსული ურთიერთობების ფორმატს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები