18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
„ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ დავამტკიცებთ სიმართლეს" - გიორგი გიორგანაშვილის მეუღლე 

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერები, ახლობლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი „ბახალასთვის“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აპროტესტებენ.  

აქცია პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა ორგანიზატორებმა გეგმებზე ბრიფინგზე ისაუბრეს და გარკვეული განმარტებებიც გააკეთეს.

კერძოდ საქმე ეხება აქციის ადგილისა და დროის ცვლილებას. ორგანიზატორების განცხადებით, მას შემდეგ რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის“ წევრ ბექა წიქარიშვილს 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, აქციაში მონაწილეობის სურვილი უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა, შესაბამისად გადაწყდა, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართება.

„სამ საათში აქაურობას გაავსებს რამდენიმე ათასი ადამიანი, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აპროტესტებენ იმ ძალადობრივ მიდგომებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს თავისი მოქალაქეების მიმართ და დარწმუნებული ვარ რომ ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, უკვალოდ არ ჩაივლის და ხელისუფლებას მოუწევს, რომ შეცვალოს თავისი მიდგომები,“-აცხადებს ქეთა გაბუნია.

აქციაზე მისვლისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მეუღლე. ანა ჩადუნელი  ამბობს, რომ ბრძოლა სიმართლის დამტკიცებამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ დავამტკიცებთ სიმართლეს და ეს ინდივიდუალური პრობლემა არ არის, ეს არის სისტემური პრობლემა და გვინდა მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას, რომ ერთად, სოლიდარობით დავამარცხებთ ამ სისტემურ პრობლემას,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის მეუღლემ ანა ჩადუნელმა.

ქვეყანაში არსებულ უსამართლო სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

„საზოგადოება ითხოვს პოლიტიკური ხელისუფლებისგან ერთიან და მკაფიო განაცხადს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის რეფორმის მიმართულებით. ასევე მოთხოვნა შეეხება პოლიციის სისტემაში რეფორმების დაჩქარებას, ჩადების პრაქტიკის დასრულებას და დაუსჯელობის პრობლემის გადაჭრას, რასაც სჭირდება ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა მათ შორის და ასევე ის დისკრედიტაციის პოლიტიკა, რომელსაც ეწევა ძალოვანი უწყება, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მხრიდან სოლიდარობას ცალკეული პირების მიმართ, მუდმივად ძალოვანი სისტემა ცდილობს, რომ სხვადასხვა გზებით ინფორმაციის გავრცელებით შექმნას არასწორი წარმოდგენები ადამიანებზე,“-ამბობს სოფო ვერძეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები