19 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
მმართველი გუნდის ინიციატივა - მკაცრად დაისჯება მაღალი თანამდებობის პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას

ახალი სასჯელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის - "ქართული ოცნების" სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, ამჯერად პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები საკანონმდებლო ინიციატივამ შეცვალა.

„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს გეგმავს, რომლის თანახმადაც, მკაცრად დაისჯება მაღალი თანამდებობის პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას.

მართლმსაჯულების ხელის შეშლა აქამდეც დასჯადი იყო, თუმცა, რა იცვლება ამჯერად ინიციატივის ავტორები არ აკონკრეტებენ.

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება, მაგალითად, მსჯავრდებულის შეწყალებაც, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტი და ასევე, მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„სანდროს მკვლელობიდან, ზუსტად, 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე პოლიტიკური ცირკი უწოდა. სააკაშვილის ამ თავხედობას მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდო სამართლებრივ საფუძველს, ფუნდამენტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი შერაცხა და გამოაცხადა სააკაშვილი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სწორედ ამის გამო, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ინიციატივა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლები უნდა გამკაცრდეს.

„ქართული ოცნება" ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არა მარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდროს ან სხვა ანალოგიურ საქმეზე, არამედ შექმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად. ამიტომ, ფრაქცია იწყებს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები