აგრარულ ბაზრებში სუნელების გაყიდვაზე კონტროლი მკაცრდება. გადაწყვეტილების მიზეზი, საკვებ პროდუქტში მომწამვლელი ნივთიერებების არსებობის ლაბორატორიული დადასტურებაა.
მთავრობის დადგენილებით, კვირის ბოლოდან საოჯახო პირობებში სანელებლების დამზადება და ამ პროდუქციით ვაჭრობა ორი წლით იკრძალება. ბაზრებში სუნელების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ მარცვალს მომხმარებლის თანდასწრებით დაფქვავენ.
სპეციალისტები სხვა რისკფაქტორების შესახებაც საუბრობენ და ხელისუფლებას უშუალოდ საკვების გარდა, ნიადაგის შემცველობაზე კონტროლის გამკაცრებასაც ურჩევენ.
გასული წლის ლაბორატორიული კვლევების შედეგად, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33-ში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. დარღვევები უმეტესად საოჯახო პირობებში დამზადებულ პროდუქციაში დაფიქსირდა.