არარეგისტრირებული უკონტროლო მილიონები პარკირების ბიზნესში. არასამთავრობო სექტორმა დააჯამა და დაადგინა, რომ მუნიციპალურ ავტოსადგომებზე თვეში, ე.წ. სტაიანშიკები ჯამში მილიონ 800 ათას ლარს ნაღდ ფულს გამოიმუშავებენ. ვინ აკონტროლებს და ვის ჯიბეში მიდის ეს თანხა, უცნობია.
გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ შეგროვებული თანხიდან წილი ე.წ. სტაიანშიკების მეთვალყურეებთან მიდის.
ვის ჯიბეში მიდის ფული, არ იცის თბილისის მერმა. კახი კალაძე აღიარებს, რომ დედაქალაქში ე.წ. სტაიანშიკების პრობლემა არსებობს, თუმცა ჯერ არ აქვს ამ პრობლემის მოგვარების გეგმა.
მესადგომეები კამერის წინ არ ყვებიან, თუ ვინ შემოუსაზღვრა სამუშაო ტერიტორია და რამდენს უხდიან დღეში მეთვალყურეებს, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ტერიტორია თავად მონიშნეს და ფულიც სახლში მიაქვთ.
ერთი მილიონ 800 ათასი ლარი, რომელსაც მძღოლები ყოველთვიურად მესადგომეებს უხდიან, ჰაერში ქრება. მიღებული შემოსავლიდან არცერთი თეთრი ბიუჯეტში არ მიდის. არაოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში სულ 3000-მდე მესადგომე მუშაობს. ოფიციალურად ეს პირები ხელშეკრულებით გაფორმებულები არსად არიან და თვითდასაქმებულებად ითვლებიან.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი