08 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრები თავდასხმას დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას ვერ უკავშირებენ

მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრები კონკრეტულ ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა მომხდარს დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას ვერ უკავშირებენ. გუგეშაშვილის ახლობლები არ გამორიცავენ, რომ თავდასხმა შესაძლოა უკავშირდებოდეს ნოდარ გუგეშაშვილის კონფლიქტს ერთ-ერთ ახალგაზრდასთან, თუმცა ისინი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. 

მოკლულის ცხედარი სვანეთის უბანში, ბიძის სახლშია გადასვენებული. დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი კი ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. თადარიგის ვიცეპოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმის თქმით, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ იმყოფება.

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ მას პალატაში, სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ და სამართალდამცველები დაკითხავენ. 

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე გუშინ დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები