დოდო გუგეშაშვილს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ის ღუდუშაურის კლინიკაში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით მიიყვანეს.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი არის პაციენტი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში გამჭოლი ჭრილობა იყო. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დაუყოვნებლივ აყვანილია საოპერაციო ბლოკში. აი ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები ფაქტიურად დასრულებისკენ არის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,“-განაცხადა კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში რამდენიმე საათის წინ დაესხნენ. ადგილზე იქნა მოკლული მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.