26 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
"იქ არის ომონი, რომელიც ყველა გამვლელ-გამომვლელს აჩერებს"-გამგებელი ოკუპირებულ ახალგორში ტოტალურ კონტროლზე საუბრობს

ახალგორის გამგებელი ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი მოსახლეობა უპრეცედენტო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით სისტემატიურად მოწმდება  ქუჩაში გამვლელი ყველა მოქალაქე და ასევე სატრანსპორტო საშუალება, რის გამოც მოსახლეობა გარეთ გამოსვლას ერიდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს იქ შესვლაზე. იქ ვინც არიან ადგილობრივი ძირითადი მაცხოვრებლები ნაკლებად გამოდიან ქუჩაში. იქ არის ომონი, რომელიც ყველა გამვლელ-გამომვლელს აჩერებს. არის მკაცრი კონტროლი როგორც ადამიანებზე ასევე ტრანსპორტზე. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დათრგუნული და დაძაბული არის მოსახლეობა,“-განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით მოლოდინი იმის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ოკუპირებული ცხინვალიდან დადებითი პასუხი მიიღოს ქართულმა მხარემ არსებობს.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ. შეიძლება ამ წუთშიც დარეკონ და თქვან, რომ გადაწყვეტილია და კონკრეტული ვადა და დრო გვითხრან და ადგილი,“-განაცხადა ნუგზარ  თინიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში გამგებელის გარდა იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც გარდაცვლილის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს.

„ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის მხოლოდ სივრცეშია სხვაობა. იყვნენ გმირები მაშინ, არიან გმირები დღეს. იყვნენ მოღალატეები მაშინ, არიან მოღალატეები დღეს და ვფიქრობ, რომ როგორც წავიდა სამასი არაგველი შეეწირა სამშობლოს, როგორ წავიდა 9 ათასი მარაბდელი, როგორც წავიდა 9 ძმა ხერხეულიძე ერთ-ერთი გმირი არის ეს ჩვენი შვილი და ჩვენი ძმა ბატონი არჩილი. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს პიროვნება შეეწირა საქართველოს სიყვარულს,“-განაცხადა დეკანოზმა გიორგი დორეულმა

დღის ამბები