26 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
არამიზნობრივად დახარჯული საწვავი, რემონტში გადახდილი ასი ათასობით ლარი - აუდიტმა ცესკო-ს შემოწმების შედეგად დარღვევები გამოავლინა

არამიზნობრივად დახარჯული საწვავი, რემონტში გადახდილი ასი ათასობით ლარი - ეს დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო კომისიის შემოწმების შემდეგ იპოვა.

რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ბევრი დარღვევა გამოავლინა.

2016 წელის საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 90 პლანშეტური კომპიუტერი, 30 ათასი საიდენტიფიკაციო ბეიჯი, 13 ათასი მარკირების სითხე და თვითწებადი პარკები ტენდერის გარეშე შეიძინა. ცესკომ ამაში 325 ათასი ლარი გადაიხადა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ საქონლის შესყიდვა შესაძლებელი იყო სატენდერო პროცედურების საშუალებით, რაც გაზრდიდა ბიუჯეტის ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობას.

დასკვნის მიხედვით, ცესკო ასევე არ ინტერესდებოდა, რამდენად სწორად დახარჯეს თანხები იმ კომპანიებმა, რომელსაც სარემონტო სამუშაოებს უკვეთავდა.

აუდიტორები წერენ, რომ ცესკომ ქონების ჩანაცვლების წესებიც დაარღვია. უფრო კონკრეტულად კი ირკვევა, რომ თამარ ჟვანიამ 1988 წელს გამოშვებული, ტექნიკურად სრულად გაუმართავი მიკროავტობუსი, 2016-წლიანი TOYOTA CAMRY-ით ჩაანაცვლა.

ნაციონალურ მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, ეჭვი აქვს, თამარ ჟვანიას ფინანსურ დარღვევებზე მწვანე შუქი ხელისუფლებამ პოლიტიკური მორჩილების სანაცვლოდ აუნთო.

ცესკოს სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და ფინანსური დარღვევების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას და მის უწყებას არჩევნების შედეგებს ქართული ოცნების ხელისუფლება უფასებს.

აუდიტის სამსახური ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დარღვევის შესახებაც მიუთითებს.

აუდიტის დასკვნისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ კურიერთან განმარტებებს ცესკოში არ აკეთებენ. აუდიტის შენიშვნების უმრავლესობას ცესკო არ იზიარებს.

ყველა იმ შესაძლო დარღვევაზე, რომლის შესახებაც აუდიტის სამსახურმა ანგარიში ახლა გამოაქვეყნა, კურიერმა რეპორტაჟი ჯერ კიდევ, სექტემბერში მოამზადა. მაშინ ცესკომ რუსთავი2-ს საქალაქო სასამართლოში უჩივლა.

მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი სასამართლო დავის დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება.

დღის ამბები