თუ არსებობდა ასეთი მოსაზრება, რომ ძიუდო არ არის ქალების საქმე, ქართველმა გოგონებმა ეს სტერეოტიპი საბოლოოდ დაამსხვრიეს.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოუტანეს.
თელავში დაბადებული მზია ბებოშვილი 17 წლისაა. ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად მას ზუსტად 9 წამი დასჭირდა. ცოტა ხნით ადრე ოქრო მან ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა.
მზია 11 წლამდე ტანმოვარჯიშე იყო, სკოლაში შემთხვევით ძიუდოისტი ბიჭების ვარჯიშს დაესწრო. ტატამზე გასვლის სურვილი თავადაც გაუჩნდა, თუმცა მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ეთერ ლიპარტელიანი წარმოშობით სვანეთიდანაა. 7 წლის იყო, როცა ლენტეხელ ბიჭებთან ერთად ძიუდოში ვარჯიში დაიწყო. ჯგუფში ერთადერთი გოგონას გატაცება ტრადიციულ სვანეთში არავის მოსწონდა. მხარს მხოლოდ მამა უჭერდა. 10 წლის იყო, როცა ვარჯიშს გასაგრძელებლად რუსთავში ბიძასთან ჩავიდა, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია იმას, რომ დღეს მისი წარმატებებით მთელი სვანეთი ამაყობს.
16 წლის ნატალია ყიფშიძე ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია ძიუდოში. 10 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოკრივე მამის ინიციატივით აქტიური და ენერგიული გოგონა პატარაობიდან ვარჯიშობს.
სამი ძიუდოისტი გოგო ხასიათით ძალიან განსხვავდება. თუმცა სამივეს აქვს რამდენიმე თვისება, რაც მათი წარმატების განმსაზღვრელია - შემართება, მიზანდასახულობა, ბძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა. გოგონებისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა და გადაულახავი სირთულე.
ფოტო: Tbilisi2015